ანრი ოხანაშვილი "გვამების შემოდებაზე" გაკეთებულ განცხადებას განმარტავს
06/04/2022 11:49:41 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "პარტიულმა ტელევიზიებმა" მისი განცხადება არასწორი კონტექსტით გააშუქეს, რაც ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებაა".
საუბარია იმ განცხადებაზე, რომელშიც იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს"გვამების შემოდებაზე" საუბრობდა:
"ჩვენი პოზიცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შუამავალი არ გვჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" სახით. კარგად თუ დაეხმარებიან [ზურაბ] ადეიშვილი და [გია] ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან, რაც არ მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში. ეს გამოცდილება არ მგონია უკრაინის ხლეისუფლებას სჭირდებოდეს და სურდეს, მაგრამ ეს ხალხია მათ გარშმო".
მოგვიანებით, მან საკუთარი განცხადება სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულ ნაბიჯებზე და უკრაინაში ომზე.
"ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!.. ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი", - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.
უკრანაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ათობით ცხედარი ქუჩაში. ომმა უკვე 150-ზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა.


