დარსალია – კულებას: "მსგავსი ტიპის განცხადებები მეგობრულ ურთიერთობებსა და ქვეყნების უსაფრთხოებას აზიანებს"
06/04/2022 12:12:15 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის კომენტარები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზიანებს.
"ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის [ უკრაინის დროებითი რწმუნებული] მხრიდან გუშინდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე
"უკრაინელ დიპლომატს მივაწოდეთ ქართული მხარის შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა დამატებითი განმარტებები, მათ შორის მსგავს თემებზე თბილისის მხრიდან პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის შესახებ. სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას. ამასთან, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მან აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.
5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.


