"თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, მათ წინაშე ბოდიში მინდა, მოვიხადო"
07/04/2022 11:47:54 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბოდიშს უხდის მათ, ვინც მისი განცხადება არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ. თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო! თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა. რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!“,- აცხადებს ოხანაშვილი.
ცნობისთვის: გუშინ ანრი ოხანაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ჩვენი პოზიცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შუამავალი არ გვჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" სახით. კარგად თუ დაეხმარებიან [ზურაბ] ადეიშვილი და [გია] ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან, რაც არ მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში. ეს გამოცდილება არ მგონია უკრაინის ხლეისუფლებას სჭირდებოდეს და სურდეს, მაგრამ ეს ხალხია მათ გარშემო".
მოგვიანებით, მან საკუთარი განცხადება სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულ ნაბიჯებზე და უკრაინაში ომზე.
"ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!.. ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი", - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.
უკრანაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ათობით ცხედარი ქუჩაში. ომმა უკვე 150-ზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა.


