უკრაინის საელჩო: "შალვა პაპუაშვილს ბუჩაში ჩამოსვლის თაობაზე მოწვევა გავუგზავნეთ"
08/04/2022 09:53:38 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც.
„დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩავიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა", - აღნიშნა კასიანოვმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი.პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


