"მე ვუძლებ, მაგრამ საქართველოს აღარ აქვს გასაძლები დრო"
08/04/2022 12:00:24 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთს დიდი პრობლემები ექმნება და ამ დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი ეძლევა. ამის შესახებ მან საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც იგი ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა.
"რუსეთი დაშლისკენ მიდის, რუსეთს ექნება წარმოუდგენელი პრობლემები და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩვენი ტერიტორიებიდან. როგორც კი ეს მოხდება, ავტომატურად, მშვიდობიანად მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ უნდა გავერიოთ საერთო მარაქაში - ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ იქ, სადაც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ ვართ ახლა ჩაძირულ გემზე, ჩვენ უნდა გადავხტეთ, გადავიდეთ იმ გემზე, რომელიც შორს წავა და იქნება წარმატებული... მე ვუძლებ მაქსიმალურად ყველაფერს, მაგრამ საქართველოს აღარ აქვს გასაძლები დრო. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. თითქმის ხუთი თვის შემდეგ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.


