"პირადად განვაგრძობ ჩართულობას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე"
11/04/2022 09:04:27 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პირადად გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩართულობას.
"როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე... ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მათ შორის, ეროვნული თანხმობის პროცესს.
"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ არჩევანს და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერია პრეზიდენტის ვებგვერზე გამოქვენებულ ინფორმაციაში.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლუკას მანდლი; ქვეკომიტეტის წევრები იუაზა ოლეკასი და ელენა იონჩევა, ასევე ევროპული პარლამენტის წევრი ლარს პატრიკ ბერგი.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.


