აუდიტის სამსახური – გორში მოხელემ ბიუჯეტიდან საკუთარ ანგარიშზე ასეულობით ათასი ლარი გადარიცხა
11/04/2022 10:08:20 პოლიტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიის ერთ-ერთ არასამეწარმეო იურიდიულ პირში (ა(ა)იპ0-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო პირის ანგარიშზე გადარიცხული საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა. მისი ცნობით, ტრანზაქციების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს.
სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ეჭვმიტანილია “გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს” ფინანსისტი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.
უწყების ინფორმაციით, გეგმიური აუდიტის პროცესი ამ დროისთვის დასრულებული არ არის, თუმცა მათ საგამოძიებო უწყებებს საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენისთანავე აცნობეს.
აუდიტი მოიცავს 2020-21 წლებს, შესაბამისად აღნიშნული ტრანზაქციებიც სწორედ ამ პერიოდშია განხორციელებული.


