"უმრავლესობის წევრები მზად არიან, უკრაინაში წავიდნენ"
11/04/2022 10:38:26 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
„საპარლამენტო უმრავლესობაში როდესაც ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად.
„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
"მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს", – ასე გამოეხმაურა პაპუაშვილის წერილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.


