Accentnews.ge
"ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისადმი, თუმცა კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება"

"ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისადმი, თუმცა კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება"

11/04/2022 11:11:36 პოლიტიკა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, თუმცა იქვე დასძენს, რომ კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ამის შესახებ ნათქვამია ბორელის მიერ საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც მან „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრს“ გამოუგზავნა.

"კვლავ ვადასტურებ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას და და მის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში. ევროკავშირს ესმის ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ორგანიზაციის ნაწილი. ევროკავშირის საბჭომ მიიღო განაცხადი და სთხოვა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება. ევროკავშირის ლიდერებმა მოიწონეს ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 11 მარტის ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ვერსალში. მანამდე, მსურს დაგარწმუნოთ, რომ ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისადმი. ამ კონტექსტში, ძირითადი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში პროგრესის დემონსტრირებასა და პარტიებს შორის ფართო თანამშრომლობის გზით კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ეს ასევე აუცილებელია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის და საკუთრივ საქართველოსთვის, რათა წინსვლა განაგრძოს ევროპული ამბიციების რეალიზაციაში. ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის წერილში.

ცნობისთვის: „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ ბორელს 8 მარტს წერილით მიმართეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხებოდა. წერილს ხელს აწერდნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S