"ალტ-ინფო": "სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე არ შეგვიშვა"
12/04/2022 09:31:59 პოლიტიკა
პრორუსული "ალტ-ინფო" აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხის გადამღები ჯგუფი გუშინდელ ბრიფინგზე არ შეუშვა.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს "ალტ-ინფოსთვის" აკრედიტაციაზე უარის თქმის მიზეზი:
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ალტ-ინფოს" ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. "ალტ-ინფო" გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს".
პრეზიდენტის ბრიფინგი გუშინ 18:00 საათზე გაიმართა, რომელზეც ზურაბიშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა.
"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ტელემაუწყებლობის მონიტორინგის დროს მიიჩნია, რომ არხის პროგრამები ომის პროპაგანდის ნიშნებს შეიცავს.


