"სტეფანჩუკის ზღვარსგადასული განცხადებები გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი"
12/04/2022 09:22:50 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებებს "ზღვარსგადასულს" უწოდებს.
იგი მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები "გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი".
"ყოველგვარ ზღვარსგადასული განცხადებები, რომელიც ახასიათებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უკრაინის რადის თავმჯდომარე [ რუსლან სტეფანჩუკი] მყავს მხედველობაში, რასაკვირველია, გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც არანაირად არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, აგრესიის მიმართ უკრაინელი ხალხის მიმართ და რასაკვირველია ვერანაირად ვერ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას კონკრეტული დამნაშავეების მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან მაღალ თანამდებობეზე დანიშნული. ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ - არსებეობს უკრაინა ჩვენი მოძმე ხალხი, რომელსაც გვერდში ვუდგავართ, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე და არსებობს ის გადაწყვეტილებები და რეზოლუციები, რომლებიც მიღებულია ჩვენი მონაწილებით, თუნდაც ჰააგის ტრიბუნალისდამი მიმართვა. ეს ერთი საკითხია და არსებობს მეორე საკითხი, ეს არის სერიოზული პოლიტიკური დემარში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეურაცხყოფა და არა მარტო ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც პირდაპირი გაგებით თუ სხვა ეპითეტური შეფასებით ლუკმას უყოფს, თავის მოძმე უკრაინელ ხალხს",- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მანამდე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად.
„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
"მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს", – ასე გამოეხმაურა პაპუაშვილის წერილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.


