მეგრელიშვილი – ევროინტეგრაციაზე: "უკრაინელების მსხვერპლის არდანახვა უხერხულია"
12/04/2022 11:28:46 პოლიტიკა
"გირჩის" ლიდერი, პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ საჭიროა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველომ და უკრაინამ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.
"ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაციასთან ინტეგრაციის ამოცანად ხომ ასევე სამართლიანად უნდა დავინახოთ, რომ ეს არის უკრაინელების მსხვერპლის დამსახურება. ანუ ჩვენ ეს შანსი იმიტომ კი არ მოგვეცა, რომ კარგად ვასრულებდით ევროკავშირის მოთხოვნებს, არამედ იმიტომ მოგვეცა შემთხვევით, რომ ვიღაცა ადამიანები თავის სიცოცხლეს წირავენ და მგონი ამის არდანახვა უხერხულია. ამაში თანამშრომლობა გვჭირდება ჩვენ უკრაინელებთან", - მიმართა მეგრელიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
გუშინ, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.


