Accentnews.ge
როგორი “მადლობა” იცის მოსკოვმა და როგორ იყენებს კრემლი ანტიქართულ პროპაგანდაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს

როგორი “მადლობა” იცის მოსკოვმა და როგორ იყენებს კრემლი ანტიქართულ პროპაგანდაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს

12/04/2022 14:47:05 პოლიტიკა

სანამ ჩვენებური რუსეთუმეები გრიგორი კარასინის მიერ დაპირებული “მადლობის” კონკრეტულ ხორცშესხმას ელიან, კრემლი საქართველოს სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას აგრძელებს: ერთის მხრივ, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიერთების მიმართულებით აქტიურობს და ამ კუთხით უკვე აფხაზეთშიც “ჩააგდო ანკესი”, ხოლო მეორეს მხრივ, არ ეშვება ანტიქართულ პროპაგანდას. ჯერ-ჯერობით ასეთია მოსკოვის “სამადლობელი” მმართველი გუნდის “არგაღიზიანების პოლიტიკის”, ასევე “პატრიოტთა ალიანსებელისა” და “ალტ-ინფოელების” რუსეთში ვიზიტების გამო. თუმცა რაა გასაკვირი? - რა ფასი აქვს მოსკოვის დაპირებებს და როგორი “დაფასება” იცის კრემლმა მის მიმართ ლოიალობის – საქართველოს ადრეც არაერთგზის უნახავს. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ ქართველები დღესაც მოკლე მეხსიერებასა და იმდენად მოკლე ჭკუას ვიჩენთ, რომ საკუთარ შეცდომებზეც კი არ გვსურს სწავლა.

ანტიქართული პროპაგანდის ნაწილში სიახლე გვაქვს: ლუგარის ლაბორატორიის “აგენტი-კოღოების” ამასწინანდელ სადეზინფორმაციო ნარატივს დაემატა ზღაპარი “განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ქართველი მოხალისეების” შესახებ. და რაც ალბათ, ყველაზე სამწუხაროა, წამყვანი კრემლელი დეზინფორმატორები თავის ბინძურ საქმეში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებსაც იშველიებენ.

ასე, მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილმა ბატონმა სოლოვიოვმა გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი, რომელშიც მართალია, სათავისოდ გადაკეთებულად, მაგრამ ციტირებს საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს:

“ამჟამად უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ათასზე მეტი ქართველი “კომბატანტია” ჩაბმული. ამასთან, ქართველები არა მარტო ყველაზე მრავალრიცხოვანი, არამედ ყველაზე ულმობელი, არაადამიანური შეიარაღებული დაჯგუფებაცაა, რომელიც ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ადამიანური პრინციპების დარღვევით, სიკვდილით სჯის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. ასე მოხდა, მაგალითად, კიევის ოლქში, სადაც ალყაშემორტყმულ რუს მედესანტეებს ჯერ ყელი გამოსჭრეს და მერე თავში საკონტროლო გასროლა განახორციელეს. ამასთან, ქართველი ლეგიონერების რაოდენობა იმდენად იზრდება, რომ ისინი ახალი შენაერთების ჩამოყალიბებას იწყებენ, როგორიცაა, მაგალითად, “საბრძოლო ფრთა”. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი ამ დაქირავებულებს დამნაშავეებად მიიჩნევენ. ასე, მაგალითად, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “უკრაინა ქართველი კრიმინალების ნაკრძალად იქცა”.

დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობდა არა ქართველ მებრძოლებზე, არამედ საქართველოს წინა ხელისუფლების უკრაინაში მყოფ წარმომადგენლებზე და სწორედ მათ უკავშირებდა უკრაინული მხარის ამასწინანდელ განცხადებას საქართველოს გავლით რუსეთისთვის ტვირთების კონტრაბანდასთან დაკავშირებით. "[…] ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ქართველი მებრძოლების “ულმობელობისა” და “არაადამიანურობის” შესახებ სოლოვიოვის პროპაგანდისტულ ნარატივს, ის სადღეისოდ მისი მტკიცების გარდა, აბსოლუტურად არაფრით დასტურდება. კრემლის პროპაგანდისტის მიერ ნახსენები კონკრეტული ამბავი კი უკავშირდება დაუდგენელი ავტორების მიერ სოცქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე არ დადასტურებულა და მაღალი ალბათობით, ის, სხვა უამრავის მსგავსად, სხვა არაფერია, თუ არა რუსული მხარის მიერ დადგმული მორიგი ფეიქი.

თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისთვის ეს “მყარი” საფუძველი აღმოჩნდა ამასწინათ "ქართული ლეგიონის" თავკაცის - მამუკა მამულაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. რუსული უწყების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში მოტივად "რუსი ჯარისკაცებისა და "როსგვარდიის" თანამშრომლების მიმართ ომის წარმოების წესების დარღვევაა" დასახელებული.

"ქართული ლეგიონის" მებრძოლებმა რუსი სამხედროების მიმართ დანაშაულები ჩაიდინეს. გარდა ამისა, მამულაშვილის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები განზრახვის შესახებ, სამომავლოდ რუსი სამხედროები და გვარდიელები აწამოს და კლას. მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ჟენევის 1949 წლის კონვენციას ტყვეებთან მოპყრობის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბასტრიკინმა მომხდარის გარემოებების დადგენისა და ჩადენილ დანაშაულებთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის სისხლის სამართლებრივი დევნის ბრძანება გასცა" - ნათქვამია რუსული უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხსენებულ ვიდეოში სავარაუდოდ, ქართული წარმოშობის მებრძოლიც გამოჩნდა. თუმცა "ქართული ლეგიონის" თავკაცის განცხადებით, აღნიშნული პირი "ლეგიონის" წევრი არ არის.

"რადიო თავისუფლების" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში მამულაშვილი გამოეხმაურა ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას თითქოსდა გაცემული აქვს ბრძანება, რუსი სამხედროები ტყვედ არ აიყვანონ. როგორც "ლეგიონის" მეთაური განმარტავს, მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი:

«ყველა ტყვეს უკრაინულ მხარეს გადავცემთ. ის რომ მქონოდა მხედველობაში, რომ ვინმეს ვკლავდეთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ტყვეებს ვკლავთ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსული მედია ჩემს სიტყვებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელებდა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული ფეიქი იყოს».

იმის სავარაუდო მიზეზების განმარტება, თუ რატომ ამოიღო რუსულმა პროპაგანდამ სამიზნეში ამჯერად ქართველი მებრძოლები, "აქცენტმა" "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ დავით ბრაგვაძეს სთხოვა. მისი აზრით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები არსად გამქრალა, ვინაიდან ქვეყანა კვლავ მოსკოვის ინტერესის არეალში რჩება.

"კრემლი აკვირდება შიდა პროცესებს, იყენებს „ჰიბრიდული ომის“ მექანიზმებს, მიზანი კი ჯამში ერთია – სახელმწიფო იყოს მაქსიმალურად დამყოლი. ზოგადად, მართალია, თბილისი [კიევისგან – რედ.] დისტანცირებას ახდენს, მაგრამ რუსები ჩვენ და უკრაინას მაინც ერთ პრიზმაში განგვიხილავენ. ამდენად, მათი პროპაგანდის მიხედვით, თუ უკრაინაში არიან „ფაშისტები“ და „ნაცისტები“, შეუძლებელია, ეს ყველაფერი ქართველების მონაწილეობის გარეშე ხდებოდეს. პროპაგანდისთვის დამატებითი საფუძველი აქვთ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყენებენ. მაგალითად, უკრაინაში სხვადასხვა პოზიციებზე ბევრი ქართველია, მათ შორის, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთანაც ეროვნებით ქართველი ზის; ერთ–ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უცხოური ლეგიონიც ჩვენ გვყავს. ანუ, „ქართველი“ მათთვის თემაა. გარდა ამისა, გმირობა გადამდები რამაა და ეს ეფექტიც აშინებთ: განწყობები იმ ქართველებს შორისაც იცვლება, რომელთაც ადრე ეშინოდათ, ამბობენ, რუსები „არც ისე უძლეველები ყოფილანო“. ამასთან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც აკვირდებიან და ხედავენ, რომ მოსახლეობაში გარდა ანტირუსული განწყობებისა, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაც გაზრდილია. „კრიმინალები უკრაინის მხარეს არიან და გონიერი ქართველები ჩვენს მხარეს დგანანო“ – ცხადია, ამ ნარატივსაც ავითარებენ. მაგრამ მათთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი იქმნება მაშინ, როდესაც მკვეთრი პოლარიზაციაა ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაც არ უნდა პრორუსული იყოს ეს ხელისუფლება: რაც უფრო მყიფეა ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა, რუსეთისთვის მით უფრო ადვილია, ზეწოლა განახორციელოს კონკრეტულ რეჟიმზე“,– ამბობს ბრაგვაძე.

ამასთან, ანალიტიკოსი შიშობს, რომ "ვინაიდან მმართველი გუნდი რუსეთთან მიმართებით ისედაც მოწყვლადია და პროცესებზე მხოლოდ ვიწროპარტიული თუ პერსონალური ინტერესებით რეაგირებს, შიდა და გარე ზეწოლის გაზრდის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S