Accentnews.ge
"უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილთან ხვალ სატელეფონო საუბარი მექნება"

"უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილთან ხვალ სატელეფონო საუბარი მექნება"

12/04/2022 18:11:21 პოლიტიკა

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან, ხვალ კი ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს.

„მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, მქონდა მასთან საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან მექნება ოფიციალური სატელეფონო ზარი, კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩემი მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, მე მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ვიმედოვნებ, ამის შემდეგ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

„გარდა ამისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. იქ არის ძალიან ბევრი ცნობილი პარლამენტარი. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას ყველაფერს, რათა უკრაინაში ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

რაც შეეხება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე ჟურნალისტის კითხვას, სტეფანჩუკმა შემდეგი განაცხადა:

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელიც დიდ თავშესაფარს აძლევს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიაზე. 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის არის თანაავტორი მნიშვნელოვანი რეზოლუციების. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია. ვგრძნობ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. სხვა საკითხებს სახელმწიფოებს შორის გადავწყვეტთ და გამოვალთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან“.

ჟურნალისტმა სტეფანჩუკს ასევე დაუსვა კითხვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ. საპასუხოდ რადას სპიკერმა აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებების დრო არ არის:

„48 დღეა, ჩემი ქვეყანა ომის მდგომარეობაშია. მე, როგორც ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელმა პარტიის ლიდერებთან ერთად, პირველსავე დღეს მხარი დავუჭირე ტაბუს ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას ჩვენს შორის. ჩვენ გვქონდა მკაცრი დებატები მრავალ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ავიღეთ პაუზა. მე ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს დღეს არის გაერთიანების დრო. ყველა სხვა დეტალი პოლიტიკა, შიდა საკითხები, ამას გადავწყვეტთ, მაგრამ გადავწყვეტთ ერთობილივი გამარჯვების შემდეგ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S