"უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ინტერვიუ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს"
13/04/2022 08:42:07 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს იმ მოთხოვნებზე, რასაც საქართველოს მთავრობა უკრაინას უყენებს,„ძალიან მეგობრული“ საუბარი იქნება.
„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და ეს ინტერვიუ ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული სუაბარი თავის კოლეგასთან უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
12 აპრილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ქართველ კოლეგა შალვა პაპუაშვილთან და იმედი გამოთქვა, რომ მას კიევში შეხვდებოდა. დღეს შალვა პაპუაშვილი განაცხადა, მზად არის უკრაინაში წასასვლელად.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით რადის სპიკერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 48 დღეა, საომარ მდგომარეობაშია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებების დრო არ არის:
„48 დღეა, ჩემი ქვეყანა ომის მდგომარეობაშია. მე, როგორც ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელმა პარტიის ლიდერებთან ერთად, პირველსავე დღეს მხარი დავუჭირე ტაბუს ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას ჩვენს შორის. ჩვენ გვქონდა მკაცრი დებატები მრავალ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ავიღეთ პაუზა. მე ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს დღეს არის გაერთიანების დრო. ყველა სხვა დეტალი პოლიტიკა, შიდა საკითხები, ამას გადავწყვეტთ, მაგრამ გადავწყვეტთ ერთობილივი გამარჯვების შემდეგ“.
ცნობისთვის: 11 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება. მან ყველაზე "ყველაზე პრინციპულ საკითხად" დაასახელა, რომ "დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი".
"ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ.
12 აპრილს კობახიძემ აღნიშნა, რომ მას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოუთხოვია.


