"საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მე დავაკომპლექტებ და ის ინტერპარტიული იქნება"
13/04/2022 14:06:42 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება.
"გვესმის, რომ უკრაინაში ომია და ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტი არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული, მე ეს ჩემს უკრაინელ კოლეგასაც ვუთხარი. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან, ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები. ხომ არ შეიძლება, რომ ფორმას მივანიჭოთ მნიშვნელობა და შინაარსი გამოვაცალოთ?! მთავარია, რომ ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარის და შესაბამისად, მაღალი დონის ვიზიტი. ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ადგილზე გამოცხადება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა დელეგაციაში პარლამენტის თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი, პაპუაშვილი ამბობს, რომ დელეგაციის შემადგენლობის რაოდენობიდან გამომდინარე ასე ვერ მოხდება:
„რაოდენობიდან გამომდინარე ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან ვერ იქნებიან წარმოდგენილები. საბედნიეროდ, ჩვენი პარლამენტი მრავალპარტიულია 12 პარტია და 7 ჯგუფი თუ ფრაქციაა“.


