შეთანხმება ვერ შედგა: პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაემგზავრებიან

13-04-2022 19:17:15 პოლიტიკა

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დელეგაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაეგმზავრებიან,– ინფორმაციას ადასტურებენ ოპოზიციის წევრები – ხატია დეკანოიე და დავით უსუფაშვილი.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო "გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა - ალოგიკური".

"მაგრამ, ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი" - თქვა დეკანოიძემ.

უსუფაშვილის თქმით, „კარგია, რომ „ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში გაემგზავრება კიევში, ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაჩნდა მთავრობის წარმომადგენლების და უმრავლესობის გამოისობით, მოგვარდება“:

„ეს არის შედეგი იმ ძალიან დიდი მცდელობისა, რაც გვქონდა ოპოზიციას, ვინაიდან, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა წასვლაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ყველანი ჩავიდოდით იქ. ცხადია, ეს იყო სერიოზული წნეხი „ოცნებაზე“ და გახდნენ იძულებული, გასულიყვნენ კონტაქტზე. ის, რაც თვე-ნახევრის წინ უნდა გაკეთებულიყო და პირად-პერსონალური კონტაქტებით მოეგვარებინათ, დღეს ხდება, ეს არის კარგი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა:

„რაც შეეხება დელეგაციებს, მნიშვნელოვანია იქ პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში. ჩვენი გეგმა რჩება ძალაში, მრავალპარტიული დელეგაცია ჩავა უკრაინაში სათანადო დროს და ადგილზე. ახლა პრიორიტეტულია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა, რათა ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე, რაც შეიძლება მაღალ დონეზე შედგეს ეს კონტაქტი და მოგვარდეს პრობლემები“.

კომენტარი გააკეთა პაპუაშვილმაც:

"ზოგადადა რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დელეგაციებს, ის უნდა ასახავდეს პარლამენტის მოცემულობას, მათ შორის პროპორციას, რომელიც იქ არის, ამიტომ იცით, რომ როდესაც მაქვს ვიზიტები, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის არიან, მაგრამ ისინი ოპოზიციას კი არ წარმოადგენენ, არამედ არიან ოპოზიციური წევრები პარლამენტის, იქ საერთო წარმომადგენლობა არ ხორციელდება. აქაც ამ შემთხვევაში ის შეთავაზება იყო, რომ იყოს თანაბარი წარმომადგენლობა, იგივე რაოდენობა იყოს ოპოზიციიდან, რაც იქნებოდა უმრავლესობის მხრიდან. ამ პრინციპს თუ გავყვებოდით და ყველა ჯგუფი იქნებოდა, გამოდის 15-კაციანი დელეგაცია, უფრო მეტიც, ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ერთდღიანი ვიზიტი იქნება, დიდი ალბათობით, ლოჯისტიკურ სირთულეს ქმნის. მე საჭიროებასაც ვერ ვხედავ", - თქვა პაპუაშვილმა.

ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების ბუჩაში ჩასვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად უკრაინაში მიიწვია რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების "საკუთარი თვალით სანახავად". საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა და უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება გაიხსენა რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ, ამასთან, მოითხოვეს უკრაინაში თანამდებობებზე მყოფი რიგი პირების გათავისუფლება.

მმართველი პარტიის ამ განცხადებების შემდეგ, 9 აპრილს ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოსახატად თავად ჩავიდოდნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში „ოცნებაში“ პოზიცია შეცვალეს და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ერთობლივი, მრავალპარტიული ვიზიტის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები