Accentnews.ge
ოპოზიცია საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის გასაცნობად დახმარებას ევროკომისარს სთხოვს

ოპოზიცია საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის გასაცნობად დახმარებას ევროკომისარს სთხოვს

14/04/2022 19:06:00 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის რვა დეპუტატმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერა საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის საკითხზე. პარლამენტის წევრები კითხვარის გაცნობაში ოლივერ ვარჰეის დახმარებას სთხოვენ.

წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ამჟამად ყურადღებას არ გაამახვილებენ ქვეყნის წინაშე მდგარ გადაუჭრელ საკითხებზე.

„ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება", - ნათქვამია წერილში.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, მათ მთავრობას მოსთხოვეს კითხვარის გასაჯაროება.

„ჩვენ მოვითხოვეთ მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროვებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ", - ვკითხულობთ წერილში.

წერილის ხელმომწერები არიან:

  • არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი
  • თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“
  • ხატია დეკოანოიძე - დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
  • თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი
  • ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“
  • სალომე სამადაშვილი, დეპუტატი „ლელო საქართველოსთვის“
  • ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S