Accentnews.ge
საგარეო საქმეთა მინისტრი: "ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი განსაჯაროვდება"

საგარეო საქმეთა მინისტრი: "ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი განსაჯაროვდება"

15/04/2022 09:26:18 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი განსაჯაროვდება.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

„რაც შეეხება განსაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი, რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.

დოკუმენტი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.

თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს აქვს 1 თვის ვადა. საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S