რა კითხვები აქვს ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლებასთან მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის თაობაზე
15/04/2022 15:08:44 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
კითხვარი 369 კითხვას, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის შესახებ შეიცავს.
კითხვები გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის თაობაზე
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისა და განხორციელების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების და მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის კანონის მოქმედებას. გთხოვთ, განმარტოთ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც კანონით არის დაშვებული და ის ზომები, რომლებიც ითვალისწინებს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაში და მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმში ჩარევის თავიდან აცილებას.
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მედია კანონმდებლობის შესახებ.
- აღწერეთ ცილისწამების კანონმდებლობა. რა სახის სასჯელები გამოიყენება ცილისწამებისთვის? როგორია სასამართლო გადაწყვეტილებების ზოგადი ტენდენცია გამოხატვის თავისუფლების სფეროში?
- კრიმინალიზებულია თუ არა გმობა (ღმერთისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა) და არის თუ არა სისხლისსამართლებრივი სასჯელი გმობაზე?
- შეესაბამება თუ არა კანონმდებლობა სიძულვილის ენის შესახებ ECtHR–ის სასამართლო პრაქტიკას?
- არსებობს თუ არა კონკრეტული კანონმდებლობა ან არის თუ არა განხორციელებული კონკრეტული ქმედებები ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლებასტან დაკავშირებით?
- გთხოვთ, აღწეროთ მედია ლანდშაფტი (ბეჭდური პრესა და აუდიოვიზუალური სექტორი). როგორ ფინანსდება აუდიოვიზუალური მედია? არსებობს თუ არა (აუდიოვიზუალური) მედიის ზედამხედველობის ორგანო, თუ კი, როგორია მისი შემადგენლობა და როგორ მუშაობს ის? გაითვალისწინეთ ევროპის საბჭოსა და ეუთო–ს ექსპერტების რეკომენდაციები მედიის სფეროში კანონპროექტის შემუშავებისას?
- არსებობს თუ არა კონკრეტული კანონმდებლობა საარჩევნო კამპანიის დროს მედიის გაშუქების შესახებ?
- არსებობს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ითვალისწინებს თუ არა მის დამოუკიდებლობას კანონმდებლობა? როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის კომიტეტების/საბჭოების წევრების დანიშვნის პროცედურა? როგორია ამ მხრივ მედიის მარეგულირებელი ორგანოს როლი? როგორ წყდება სარედაქციო ხაზი? შეესაბამება თუ არა მისი დაფინანსება ევროკავშირის კანონს საერთო უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის?
- გთხოვთ, აღწეროთ მოქმედი წესები სამთავრობო რეკლამასთან დაკავშირებით.
- გთხოვთ, აღწეროთ მედიის საჯარო დაფინანსების მარეგულირებელი წესები.
- გთხოვთ, აღწეროთ, როგორ ხდება ბეჭდური პრესის ზედამხედველობა. არსებობს თუ არა რაიმე სამეთვალყურეო ორგანო, თუ კი,როგორია მისიშემადგენლობა, როლი და ვალდებულებები? როგორ მუშაობს და როგორ ფინანსდება?
- რა გარანტიები არსებობს აუდიოვიზუალური მედია სერვისების მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად? ახორციელებს თუ არა მარეგულირებელი ორგანო თავის უფლებამოსილებებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ?
- როგორია მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის დონე? არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული წესები, რომელიც საკუთრების ეფექტურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს? როგორ ხდება ამის პრაქტიკაში განხორციელება?
- როგორი ვითარებაა და როგორი წესები არსებობს მედიის საკუთრების კონცენტრაციასთან დაკავშირებით?
- როგორია ჟურნალისტების სამუშაო პირობები? არსებობს თუ არა წესები და პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს?
- არის თუ არა ჩადენილი დანაშაულები ჟურნალისტების მიმართ და არის თუ არა დაუსჯელობის კლიმატი? არის ჟურნალისტების მიმართ მუქარის, მათზე თავდასხმის შემთხვევები გამოძიებული? გთხოვთ, მოგვაწოდოთ სტატისტიკა ამ კუთხით.
- როგორია ვითარება და კანონმდებლობა ჟურნალისტებისთვის ინფორმაციისა და საჯარო დოკუმენტზებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით?
- არის თუ არა სასამართლო პროცესები და მსჯავრდებები ჟურნალისტების წინააღმდეგ (მათ შორის ცილისწამების საქმეები) და არის თუ არა რაიმეზომები მიღებული შეურაცხმყოფელი საჩივრებისგან ჟურნალისტების დასაცავად?
ცნობისთვის: 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
დოკუმენტი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს აქვს 1 თვის ვადა. საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.


