მარგველაშვილი:"გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ერთობლივად გადავწყვიტეთ, აქ წამოვსულიყავით"
15/04/2022 18:33:49 პოლიტიკა
უკრაინაში ჩასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი უკრიაინაში; აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი", - უთხრა „მთავარ არხს" გიორგი მარგველაშვილმა.
ყოფილ პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარლამენტის წევრები ამავე პარტიიდან - კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე. ასევე უკრაინაშია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.
დღეს, 15 აპრილს უკრაინაში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სპიკერის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამეენტო ოპოზიციის წევრები, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა.


