შალვა პაპუაშვილი:"უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ ყოფილა"
18/04/2022 05:42:24 პოლიტიკა
უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობა“ არავის უხსენებია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტელეიმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რა გაურკვევლობებიც იყო საქართველო-უკრაინას შორის".
„ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტის ნაწილი არ იყო, რადგან მათ დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, თუ რაიმე გაურკვევლობები იყო საქართველო-უკრაინას შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი სანქციების თემასაც შეეხო.
„შეხვედრის დროს საჯაროდ განვაცხადე, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი შეძლებს გვერდის ავლას სხვადასხვა სანქციებისთვის. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქ მთავარი არის ის, თუ რამდენად აქვს საქართველოს ინსტრუმენტი იმისა, რომ ორმხრივი სანქციით რაიმე ზიანი მიაყენოს რუსეთს. ჩემს კოლეგას მოვახსენე, რომ პირიქით, რუსეთის მხრიდან სანქციების ქვეშ ჩვენ უკვე წლებია, ვართ. ჩემმა კოლეგამ გაფართოებულ შეხვედრაზე არაერთხელ ახსენა უკრაინის მადლიერება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე იჩენს, ასევე იმ დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, რომელსაც უკრაინელი ხალხის მიმართ სახელმწიფო საქართველოში იჩენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში მან ბუჩა და ირპენიც მოინახულა. შალვა პაპუაშვილის გარდა, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი, ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
უკრაინაში ვიზიტის დროს ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. "ნაციონალების" დელეგაცია ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში ცალკე გაემგზავრა.


