„საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს“
18/04/2022 14:10:36 პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა ძალისხმევა მეზობელი ქვეყნების მიმართ საკუთარი ექსპანსიური პოლიტიკის გასატარებლად.
აღნიშნული, სუს–ის ხედვით, მათ შორის, გამოიხატებოდა როგორც რეგიონის ქვეყნების საზღვრებთან ან/და უშუალოდ მათ ტერიტორიებზე ინტენსიური სამხედრო წვრთნების ჩატარებაში, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ღია განცხადებებსა და რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო გაჟღერებულ ულტიმატუმებში. ხოლო 2021 წლის მიწურულს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო:
„რუსეთი აქტიურად ცდილობდა, მაქსიმალურად გაეძლიერებინა სამხედრო პოზიციები შავი ზღვის რეგიონში და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებით, რეგიონზე მოეპოვებინა მყარი, გრძელვადიანი ბერკეტები. აღნიშნულმა დამატებითი გამოწვევებიშექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“,– აღნიშნავენ სუს–ში და დასძენენ, რომ ვითარებას მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებებიც ართულებდა.
სუს–ის ანგარიშის თანახმად, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, საფრთხეების გამოვლენა-პრევენციის მიზნით გატარებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, სამსახურის მიერ გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, [...] მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა".
"აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ამ „ქეისების“ დეტალები, ისევე, როგორც გამოვლენილ პირთა რადენობა და მათ დაკავებაზე მინიშნება მასში არ გვხვდება.
ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოზე გავლენის ბერკეტების მოპოვება-გაძლიერებით დაინტერესებული გარეაქტორები საკუთარი იდეოლოგიური, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზებისთვის სხვა რესურსებთან ერთად, იყენებდნენ მათდამი მატერიალური ან/და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს:
„მოპოვებული ინფორმაციისა და ფაქტობრივ მასალათა საფუძველზე, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2021 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 10 საქმეზე. სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე. ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია, ქვემდებარეობით, იგზავნებოდა სხვა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.
სუს–ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც:
„აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის სოციალური ქსელები, ვებგვერდები, ინტერნეტტელევიზია, ტელემაუწყებლობა) აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას“.


