სუსი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე - გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას
18/04/2022 17:12:47 პოლიტიკა
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს ე.წ. რბილი ძალის გამოყენების მაგალითად მიიჩნევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და 2021 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა, წერს, რომ ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ საზოგადოებაში პოლარიზების გამოწვევის მცდელობებს გასულ წლებშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი.
"დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას", - ასე აფასებს სუსი საპროტესტო მოძრაობას, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩაეშალა ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება.
2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA Renewables-მა მართლაც გაწყვიტა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან და უარი თქვა $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე საქართველოში.
Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორია.


