ბერაია – აპატურაის: "გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ნატო–ს გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია"
20/04/2022 07:59:44 პოლიტიკა
"გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ნატო–ს გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია" , – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს ყოფილა ნატო–სთან ისე ახლოს, როგორც ახლა არის და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია.
„ბატონი აპატურაი საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საქართველოსა და ნატო–ს პარტნიორობის გაღრმავებაში. ალიანსში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველოს ნატო–ს გაძლიერებული ასპირანტი პარტნიორია, ფლობს ალიანსში გაწევრების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასდროს ყოფილა ნატო–სთან ისე ახლოს როგორც დღეს. იმ პირობებში, როცა საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როცა რუსეთის ფედერაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უსასტიკეს ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, სუვერენული ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძლიერება და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია. მომავლის ნატო–ს, რომელიც დგას ახალი გამოწვევების წინაშე, სჭირდება ისეთი პასუხისმგებლობიანი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. მივესალმებით ალიანსის მხრიდან "ღია კარის პოლიტიკისა" და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულებას, იმის ხაზგასმას, რომ მესამე ძალა ვეტოს არ დაადებს და ქვეყნები თავად ირჩევენ ალიანსებს. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკესა და ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება ეს ასპექტები და დაკონკრეტდება საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა“. – განაცხადა ბერაიამ სხდომის დახურვამდე.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის უსმენენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.


