"საქართველოს როლი ევროპის ენერგომომარაგებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა"
20/04/2022 08:59:38 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ "საქართველოს როლი ევროპის ენერგომომარაგებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა". ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ აქ, როგორ შეუძლია საქართველოს, უკეთესად უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კიბერთავდასხმების, ფიზიკური თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ ამას გავაკეთებთ კონკრეტული თანამშრომლობით", – განაცხადა აპატურაიმ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი სიტვით გამოვიდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.


