"აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი"
20/04/2022 10:03:45 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინაში „აზოვის“ პოლკის დაარსებაში წვლილი მიუძღვის.
„თავის დროზე, პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. მან მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხდი მაშინდელ პოლკის მეთაურს და ჩვენ დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. შემდეგ ბახვა [ჩიქობავა] ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა“, – განაცხადა სააკაშვილმა 20 აპრილს სასამართლო პროცესზე.
„აზოვის“ პოლკი უკრაინაში 2014 წელს დაარსდა. იგი ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალურ დანიშნულებათა დანაყოფია, რომელიც უკრაინის შსს-ს კონტროლის ქვეშაა. რამდენიმე დღის წინ სერგეი კოროტკიხმა („ბოცმანმა“) განაცხადა, რომ „აზოვი“ „ფაქტობრივად“ მან და ორმა ქართველმა მოხალისემ, ბახვა ჩიქობავამ და გიორგი ყუფარაშვილმა დააარსეს.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.


