რა ბედი ეწია "Москва"–ს ეკიპაჟს: გადარჩენილები ყვებიან იმას, რასაც შოიგუს უწყება მალავს

20-04-2022 16:30:47 ევროპა ,მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორდღიანი ფიქრის შემდეგ, კრეისერ "Москва"–ს ჩაძირვა დაადასტურა, თუმცა დაღუპულთა, დაშავებულთა და გადარჩენილთა შესახებ ცნობებს კვლავ საიდუმლოდ ინახავს. ამდენად, ჟურნალისტებს უწევთ დეტალების საკუთარი ძალებით გარკვევა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მოკლე ცნობა, რომ გემბანზე ხანძარი გაჩნდა, რამაც საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია, ხოლო ეკიპაჟის ევაკუაცია სრულად განხორციელდა, იმთავითვე შეიცავდა წინააღმდეგობებს: თუ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კრეისერის ჯერ დაზიანება და შემდეგ ჩაძირვა განაპირობა, შეუძლებელია, მსხვერპლი არ ყოფილიყო. ამასთან, გასათვალისწინებელია ძლიერი შტორმიც, რაც სამაშველო ოპერაციასაც გაართულებდა.

ვიდრე მოსკოვი მალავს, რა ბედი ეწია "Москва"–ს ეკიპაჟს, ჟურნალისტებმა კიდევ ერთ წვევამდელს მიაკვლიეს, რომელიც გემბანზე მომხდარ აფეთქებას გადაურჩა. წვევამდელის დედა, რომლის ვინაობაც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ სახელდება, ყვება, რომ 14 აპრილის საღამოს [კრეისერი 13 აპრილს ჩაიძირა] დაურეკა შვილმა და ის, რაც ვაჟმა უამბო, სრულიად წინააღმდეგობაში მოდიოდა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებთან. კერძოდ, ბიჭმა დაადასტურა, რომ ხომალდს უკრაინული რაკეტები „ნეპტუნი“ მოხვდა და რომ 40 მეზღვაური დაიღუპა. წვევამდელის დედის თქმით, კრეისერი 24 თებერვლიდან ასრულებდა საბრძოლო დავალებებს, მათ შორის ზმეინის კუნძულზე, ხოლო ბოლო კამპანიის დროს, რუსეთის ჯარებმა დაგეგმეს ოპერაცია ოდესაში საზღვაო ქვეითების გადასხმის თაობაზე.

„შვილმა 14–ში ტირილით დამირეკა და მითხრა: „დედა, გესმის რა მოხდა? სამი რაკეტა [უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კრეისერს ორი საკრუიზო რაკეტა „ნეპტუნი“ ესროლეს] გვესროლეს!“.

ქალი ყვება, რომ ეკიპაჟის წევრთა ნაწილის ევაკუაცია ფრეგატ „მაკაროვ“–ზე მოხდა. ყველა, ვინც გადარჩა, სევასტოპოლში გადაიყვანეს:

„ტელეფონები აჩუქეს, რადგან მხოლოდ შორტებითა და ჟილეტებით იყვნენ. ყველაფერი იქ დარჩათ – ტელეფონები, საბუთები...“.

იმ მომენტისთვის ქალს „გემზე ხანძრის“ შესახებ რუსული მხარის ვერსია ჰქონდა მოსმენილი და შვილს ამის შესახებ ჰკითხა:

„მან მიპასუხა:“არა, დედა, ეს სიმართლე არაა. ეს არანაირი ხანძარი არაა“. ეს უბრალოდ არ უთქვამს, არ მოუგონია. მიამბობს მომხდარს და განცდილი საშინელების გამო ტირის. დამეთანხმეთ, ამას ასე უბრალოდ არ მოიგონებდა. და ეს არ არის ხის ნავი, რომელიც ასე ადვილად აალდება. არავინ არაფერს ხსნის. უბრალოდ არ მესმის, ხომალდზე არსებულმა რადარებმა რატომ ვერ ამოიცნეს „ნეპტუნის“ რაკეტები“.

ამიტომ ქალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.

მეზღვაურის დედის ცნობით, ჯამში ხომალდზე 510–მდე ადამიანი იმყოფებოდა. ვაჟმა უამბო, რომ მას 40-მდე დაღუპულის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია:

"მისი თქმით, დაიღუპა ყველა, ვინც იყო გემბანზე, საჭესთან, ვინც კრეისერს ხელმძღვანელობდა და გუშაგობდა, რადგან დარტყმა სწორედ გემბანზე მოხდა. არიან დაჭრილები მოწყვეტილი კიდურებით", - იხსენებს შვილის მონათხრობს ქალი.

მას კითხვები აქვს მისი წვევამდელი ვაჟის ხომალდზე აღმოჩენასთან დაკავშირებითაც, რომელიც მისიას ასრულებდა:

"ის წვევამდელია. და როგორ მოხვდა კრეისერზე, რომელიც მისიას ასრულებდა, დიდი კითხვაა! კრეისერი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში: ზმეინის კუნძული, ოდესის რეგიონი... და ჩემი შვილი იქ მონაწილეობდა, როგორც წვევამდელი! ეს რას ნიშნავს? ბრძანებების შეუსრულებლობა? კანონების შეუსრულებლობა?“,– კითხულობს დედა.

რუსეთის ხელისუფლება საწყის ეტაპზე უარყოფდა უკრაინაში საომრად წვევამდელების გაგზავნას, თუმცა მრავალი მტკიცებულების გამოქვეყნების შემდეგ, აღიარება მოუხდა და ეს შეცდომას მიაწერეს. პუტინმა მარტის დასაწყისში თქვა, რომის ომში არც წვევამდელები და არც რეზერვისტები არ უნდა ჩართულიყვნენ. თავდაცვის სამინისტროშიც აუბეს მას მხარი, რომ ეს „გამორიცხულია“, თუმცა კვლავ გამოქვეყნებული მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მოწმობენ. წვევამდელის დედას ირწმუნება, რომ მისი შვილის სამსახური „მშვიდობიანი“ იყო:

„როგორც დედას, გამიგებთ. შიშისგან გავთეთრდი. რაც მისგან გავიგე და რაც ინტერნეტში ვნახე, საშინელებაა. ამას მტერსაც არ ვუსურვებდი. და ეს ხდება მშვიდობის დროს.[...]

ისინი ოდესისკენ მიდიოდნენ დესანტის გადასასხმელად. შესაძლოა, ეს არასწორად მესმის, მაგრამ უნდა „გადაესხათ“.

როგორც ქალი ყვება, მის შვილს მარტში საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლის თაობაზე დოკუმენტზე ხელის მოწერას აიძულებდნენ, რასაც არ დასთანხმდა და ამჟამად სევასტოპოლშია, ხოლო მისი მეზღვაურ კოლეგებს, რომელთაც ხსენებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, კვლავ უკრაინაში გაგზავნიან:

„ხოლო წვევამდელებს, როგორც თავად გავიგე და როგორც შვილმა მითხრა, რეზერვში გაუშვებენ. [...]

ყველა ბიჭი სხვადასხვა ადგილებზე მიმოფანტეს. რამდენი დაიკარგა, უცნობია და იმის გათვალისწინებით, რომ კრეისერი ჩაიძირა, ნომრებიც არ არსებობს. ისეთი განცდაა, რომ ეს გამიზნულად გააკეთეს, რომ ვერ დავითვალოთ“.

რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობა მშობლებს დეტალებს არ უამბობს:

"იმ ნათესავებმაც [გემზე მყოფთა] იმდენივე იციან, რაც მე“.

რუსული გამოცემა Meduza-ს ცნობით, გემის ეკიპაჟის 37 წევრი დაიღუპა, 100-მდე დაშავდა, დაკარგულთა რაოდენობა კი უცნობია. დაკარგულთა შორის არიან წვევამდელებიც, რომლებიც ინციდენტის დროს უშუალოდ გემბანზე არ იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები