"დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია სათანადოდ დააფასებს"
21/04/2022 09:27:18 პოლიტიკა
"დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია დააფასებს სათანადოდ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გამოდიან სააკაშვილის დიქტატიდან, კომიკურ დღეში არიან.
'ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ყველა ის პირი, ვინც ის რეჟიმი ქართველ ხალხთან ერთად სამართლიანად დაასრულა. უმადურები არ უნდა ვიყოთ, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლით პრაქტიკულად გამოვიდა კომფორტის ზონიდან და ქართველ ხალხთან ერთად დაასრულა ის ტირანია და რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამ ქვეყანაში განვითარების საშუალებას უსპობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გამოდიან სააკაშვილის დიქტატიდან, ხედავთ, როგორ კომიკურ დღეში არიან, დღესაც სააკაშვილის ზრახვებს დამონებულები აკეთებენ იმას, რაც ამ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი და საზიანოა".


