"აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება, დროა, ერთად დავდგეთ"
21/04/2022 15:33:58 პოლიტიკა
"ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ", – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მან უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ისაუბრა და კიევის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
"უკვე 56 დღეა, პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ და გავაძლიეროთ ის ღირებულებები, რაც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
მისი თქმით, აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება.
„ერთ-ერთი გაკვეთილი რაც წინა წლებიდან მივიღეთ, ეს იყო ის, რომ აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება. ის საქართველოში, მოლდოვასა და ყირიმში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება. დასავლეთიდან საჭირო არის გაერთიანებული რეაგირება იმისათვის, რომ ეს განმეორებითი ოკუპაცია უკუგდებული იყოს", – განაცხადა სენატორმა.
გარდა ამისა, მან აშშ–ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა:
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას, ესაა: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას.
ამასთან, კრის კუნსმა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენ გვინდა, წინ წავიდეთ კიდევ, როცა საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფალ მედიას".
აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია.


