კუნსი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ: "თუ გვსურს დადებითი გზის გაგრძელება ევროკავშირის წევრობისკენ, მაშინ ესაა რეფორმების გაგრძელება"
22/04/2022 06:00:58 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი კრის კუნსი აცხადებს, რომ დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას. ამის შესახებ მან თბილისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან დადებითი და კონსტრუქციული შეხვედრა ოპოზიციური ჯგუფების ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, დემოკრატია კი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ-მა არაერთხელ დააბანდა ინვესტიციები ჩემ მიერ ჩამოთვლილ სფეროებში. მათ შორის მოსამართლეების ტრენინგებში, უსაფრთხოების მხარდაჭერასა და ეკონომიკაში და განვითარებაში ინვესტიციების დაბანდებაში. თუ გვსურს დადებითი გზის გაგრძელება ევროკავშირის წევრობისკენ, მაშინ ესაა რეფორმების გაგრძელება მთავრობასა და საზოგადოებაში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული ჩართულობა მქონდა საქართველოში. მადლიერი ვარ გამოყოფილი დროისთვის და მივესალმები პრესის თავისუფლებას“, – განაცხადა კრის კუნსმა.
აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას ქვეყნის საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
დელეგაცია აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ხვდება, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა "კოვიდ-19"-ის პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.


