"სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, რაც სამწუხაროდ, არ გაცხადდა ხელისუფლების მიერ, ეს უნდა ითქვას ღიად, რომ ეჭვი არ არსებობდეს"
25/04/2022 12:36:41 პოლიტიკა
"სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, რაც სამწუხაროდ, არ გაცხადდა ხელისუფლების მიერ, ეს უნდა ითქვას ღიად, რომ ეჭვი არ არსებობდეს", – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
იგი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს.
„უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა აჩვენებს გმირობის მაგალითს. ამ დროს მათ სჭირდებათ მაქსიმალური თანადგომა, შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ყველა პარლამენტს მიმართა, აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს. მინდა მოვუწოდო, „ქართულ ოცნებას“, ახლა ნამდვილად არის დრო, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ასევე არის აგრესიის მსხვერპლი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამის გარდა, „ლელომ“ გავაჟღერეთ და შევიტანეთ ინიციატივა რეზოლუციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. ეს რეზოლუცია აუცილებლად მიღებული უნდა იყოს. ის, რასაც დღეს საქართველო აკეთებს და რეალურად, ჩვენ დღეს სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, ოღონდ ეს სამწუხაროდ, არ იქნა ხელისუფლების მიერ გაცხადებული. არც ერთ სანქცირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საქართველოში საქმიანობის წარმოება არ შეუძლია. ეს უნდა ითქვას ღიად, რომ არ არსებობდეს ეჭვი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორია ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამტარი ქვეყანა, რომელიც სანქცირებულია.
„რამდენადაც ცნობილია არსებობს შესაბამისი სია საბაჟოზე იმ პროდუქციის, რომელსაც ორმაგი გამოყენება შეიძლება, ჰქონდეს, რომლის გავლაც არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, აუცილებელია ეს იყოს ოფიციალურად გაჟღერებული. ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ არის განსაკუთრებულ რისკებთან დაკავშირებული, არამედ აღწერს რეალურ, ფაქტობრივ ვითარებას, აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, ის პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს, რომ უკრაინას, ჩვენს უახლოეს მეგობარს არ ჰყავს ელჩი საქართველოში, ეს დიდი პრობლემა აღმოიფხვრება. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ის ბრძოლა, რომელსაც ისინი ეწევიან, არის ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.


