სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
26/04/2022 08:49:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები.
რელიზის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.


