„პროცესში ვართ, მივაწოდოთ საქართველოს სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც ის ნდობის არსებული ხარისხის გათვალისწინებით იმსახურებს“
27/04/2022 09:02:54 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო ძალზედ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს, არსებობს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, საქართველოს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი. ამის შესახებ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყველა საკითხი განიხილეს.
„შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს, ასევე პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა. ნატო-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, – განაცხადა კოლომინამ.
მისი თქმით, ნატო საქართველოს იმ სფეციფიკურ ინსტრუმენტებს მიაწვდის, რომლებსაც ნდობის არსებული ხარისხის გათვალისწინებით იმსახურებს:
„გასულ წლებში ამ ინსტრუმენტების გააქტიურება უკვე გადაწყდა და ახლა ამ პროცესში ვართ, რათა მივაწოდოთ საქართველოს სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც ის იმსახურებს, ნდობის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ნატო-სა და თქვენ ქვეყანას შორის. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თქვენ პრემიერ-მინისტრს დღეს საღამოს და ამ დისკუსიას განვაგრძობთ“.


