"ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავკარგოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება"
28/04/2022 05:49:17 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავკარგოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება". ამის შესახებ მან „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავდასხმის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება და კონკრეტულად რა თხოვნით მიმართავს იგი ბაიდენის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
„პირველ რიგში, მე არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის წინასწარმეტყველებას არ უნდა შეეცადო. არ მინდა ასეთი სახის პროგნოზების გაკეთება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავკარგოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება. მთავარი მოწოდება, რასაც მე ვაშინგტონში ვაკეთებ, საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მხარდაჭერა რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, ეს არის ის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ, ევროინტეგრაციისკენ ახალი გზის მხარდაჭერა, რომელიც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გახსნეს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ეს არის პასუხები ნებისმიერი ფორმის გამოწვევაზე და საფრთხეზე, რასაც რუსეთი ჩვენს ქვეყანასა და მოლდოვას უქმნის".
მისი თქმით, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, შესაძლოა, მან ყურადღება ამ ქვეყნებზე გადაიტანოს":
"მოლდოვა და საქართველო, უკრაინასთან ერთად, არის „ტრიო“, რომელსაც სურს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება. ისინი არ არიან დაცული არც ნატო-ს მე-5 მუხლით და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობით, ცხადია, ისინი მოწყვლადები არიან და ეს ნიშნავს, რომ მეტი მხარდაჭერა და ყურადღება უნდა მივიღოთ. აშშ-ში ჩემი ვიზიტის გზავნილია, არ უნდა დაივიწყონ საქართველო, რადგან თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს".


