რა საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა
28/04/2022 15:24:17 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა პელოსს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გრძელდება ადამიანთა გატაცებები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს მიერ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის გაკეთებულ განაცხადზე.
რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსი პირადად მოიწვია თბილისში, მაისში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება.
საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო - ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.


