პრეზიდენტი – სააკაშვილის შეწყალებაზე: "სერიოზული დიაგნოზის შემთხვევაში ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული"
29/04/2022 06:01:41 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში ექს-პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. კერძოდ, გაიმეორა პოზიცია, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა.
ამასთან სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.
"მე შევწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს.ეს იყო შარშან, იმ დროს, ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შერიგების და დეპოლარიზაციის პროცესს. ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, ეს არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმით შეწყალების წინააღმდეგია.
და როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. რაც მთავარია, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება. რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ხართ, ერთიანი და გამძლე ნებისმიერ შეგიძლიათ გაუწიოთ წინააღმდეგობა. და ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ერთიანობის ნამდვილად ფანტასტიკური მაგალითი უკრაინის ხელმძღვანელობის გარშემო",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კითხას, შეშფოთებულია თუ არა გზავნილით, რაც სააკაშვილის დაკავებით გაეგზავნა მსოფლიოს, ზურაბიშვილმა უპასუხა, „არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია".
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.
ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.


