მელია: "აუცილებლად მოუწევთ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა"
29/04/2022 10:00:44 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას „აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა“.
„არ არსებობს არგუმენტი, შენ ადამიანს ციხეში კლავდე, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი დიახაც, უნდა იყოს ციხეში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში. ეს ადამიანი აუცილებლად იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რაც არ უნდა ბატონი კობახიძე და სხვები საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული.
გამორიცხულია, ჩემზე კარგად იციან. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს ელაპარაკებიან და არ უნდათ, რომ რეალობას თვალი საჯაროდ გაუსწორონ. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა“,– განაცხადა მელიამ ადენაუერის ფონდის ევროპა/ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.
ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.


