"2017 წელს „ოცნებამ“ პარტიული დავალება გასცა, გამოევლინათ ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ცუდს წერდნენ პუტინზე"
30/04/2022 09:29:40 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ 2017 წელს "ქართული ოცნების" რაიონულმა ორგანიზაციებმა მმართველი პარტიისგან იმ მხარდამჭერების იდენტიფიკაციის დავალება მიიღეს, ვინც Facebook-ზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ცუდს წერდა.
ფოფხაძის თქმით, "ოცნების" ცენტრალურმა ოფისმა ასეთი მხარდამჭერების განეიტრალება ან მათთან საუბარი და მუშაობა მოითხოვა, რათა პუტინზე ცუდი აღარ დაეწერათ.
"ეს არის 2017 წლის პარტიული დავალება, რომელიც ოფიციალურად მიიღეს "ქართული ოცნების" რაიონულმა ორგანიზაციებმა, რომ გამოვლინდეს " ოცნების" მომხრეებს შორის ადამიანები, რომლებიც Facebook–ზე პუტინზე ცუდს წერენ და მოხდეს ამ ადამიანების განეიტრალება ან მათთან საუბარი და მუშაობა, რომ მათ პუტინზე ცუდი არ დაწერონ. ეს დავალება გასცა 'ქართული ოცნების" ცენტრალურმა ოფისმა,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ფორმულას ეთერში.
მისი თქმით, "ამ განკარგულებას პარტია მშვიდობის მიზნით ასაბუთებდა. დავალების შემსრულებელი და მაკონტროლებელი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო".


