"ჩვენ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველ რიგში, ჩვენს ხალხებს შორის"
02/05/2022 10:38:33 პოლიტიკა
"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველ რიგში ჩვენს ხალხებს შორის",, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "საქართველოში ამ პროცესებში, პირდაპირ ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია".
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი - ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ასეთი მორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არც ერთ ფაქტს არ ეფუძნება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველ რიგში ჩვენს ხალხებს შორის. მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. არის კიდევ ერთი კოორდინირებული მცდელობა, რომ რამენაირად საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში - ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება. საქართველოში ამ პროცესებში, პირდაპირ ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური ოპოზიცია. მათ სურთ საქართველოში ომის გაჩაღება და მათ აქვთ ამისათვის არამარტო სუბიექტური მიზეზი. რა თქმა უნდა, მათი სუბიექტური მიზანია, რომ გართულდეს სიტუაცია ხელისუფლებისთვის, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამეა, მათ აქვთ აპრიორი, მიზნად დასახული საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. [...] ომის თავიდან აცილება უნდა იყოს მთავარი რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და ზუსტად ამის საპირისპირო მიზეზი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზუსტად ამის გამო ისინი გვთავაზობენ უამრავ პროვოკაციას, სპეკულაციას, ამის გამო შემოაქვთ ახალი თემები ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ დღის წესრიგს ვერ გავყვებით, პირიქით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო დასუსტდეს, მათ შორის, იმისათვის, რომ ბოლომდე გამოვრიცხოთ ომთან დაკავშირებული საფრთხეები“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.


