"ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში"

02-05-2022 17:23:47 პოლიტიკა

"ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში", – ასე მიმართავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას.

იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, "საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანოს".

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფულია. ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს. ორჯერ აერია გული, ვიდრე იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს იღებს. აქვს ანემია. რომ შეხედავთ ვერ იცნობთ. ისე არის გამხდარი და გადაგრეხილი აქვს ფეხზე კუნთები. მაინდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი. ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ. ამისთანა იდიოტიზმი შეიძლება 30 წელი გრძელდებოდეს ამ ქვეყანაში? ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ ისწავლოს და შემდეგ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, გვეშველება რამეო? არაფერი არ გვეშველება არასდროს“, – განაცხადა ვაშაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 22 აპრილს მოინახულეს. დასკვნაში, რომელიც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მიმართა, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისი თქმით, თუ ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები