ბრეგაძე – სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმზე: „სასამართლოს უნდა მიმართონ"
02/05/2022 14:25:56 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან ულტიმატუმს ვერ მიიღებს და ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომაროების გამო პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება პენიტენცური სამსახურის პრეროგატივა არაა.
"ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. ულტიმაუტემების ენით საუბარს ვერ მივიღებთ, ან როგორ უნდა მივიღოთ და რა მოთხოვნაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში, რომ გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ, მით უმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები და თუ დაინტერესებულები არიან, უნდა მიმართონ სასამართლოს“, – განაცხადა ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.
სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.


