სააკაშვილის ოჯახი მასშტაბურ აქციებს აანონსებს
02/05/2022 14:29:59 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მასშტაბურ აქციებს აანონსებს.
როგორც მესამე პრეზიდენტის ძმამ დავით სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ხვალიდან დაიწყებენ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან.
"გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, უნდა დავიწყოთ საუბარი საპატრიარქოსთან, გვაქვს ასევე სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და გამოგვიყოს დრო, რათა მას ავუხსნათ ჩვენი მიშას მდგომარეობა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეთ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ. თუ საჭიროა მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. აქციის თარიღს უახლოეს დღეებში გავახმოვანებთ", - განაცხადა დავით სააკაშვილმა.
ექს–პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "ოჯახი სააკაშვილის არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს ითხოვს საუბარია, სასჯელის გადავადებაზე":
"მივმართავ აბსოლუტურად ყველას - არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, მიშა სააკაშვილის მომხრეა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - შემოდით, ჩვენი ოჯახის მდგომარეობაში, აქ საუბარია სიცოცხლეზე, აქ საუბარია ადამიანზე. დინამიკას რომ ვუყურებთ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მე მოვივლი საქართველოს ყველა რეგიონს, აუცილებლად ჩავალ აქციაზე, რომელიც ბათუმში, 6 მაისსაა დაგეგმილი, ხელისუფლებას გავაგონებთ ხმას, რომ მიშა სააკაშვილი არ არის დასაკარგი, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა გადავარჩინოთ. ასევე მივმართავ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, იგივე შეიძლება მოხდეს თქვენთანაც, იგივე შეიძლება განმეორდეს თითოეულ თქვენ ოჯახში, აქ არ ვითხოვთ ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს. საუბარია, სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა. იმედი მაქვს საზოგადოების, რომ მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგება“.
სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.


