რა საკითხები განიხილეს ზურაბიშვილმა და შტაინმაიერმა
02/05/2022 18:37:01 პოლიტიკა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ბერლინში გამართულ შეხვედრებზე, რომლებიც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა, მხარეებმა, მათ შორის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
"შეხვედრისას აღინიშნა, რომ სიმბოლურია, რომ ბერლინის შეხვედრა საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა. საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით.
„თუ ვინმეს შეიძლება, ეწოდოს ძველი მეგობარი – ეს გერმანიაა!“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გამოთქვა, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან.
"ამასთან, პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა", – ნათქვამია პრეზიდენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ცნობით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია.


