"დარწმუნებული ვარ, მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ, ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი"
03/05/2022 08:43:34 პოლიტიკა
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ. პროცესი კარგად მიდის, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ელოდება, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს დასკვნას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.
"მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, რომ ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი და ობიექტური შეფასება, რასაც ევროპული კომისია განახორციელებს ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ეს ეხება საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და მთავარ ეკონომიკურ და სხვა კრიტერიუმებს. რაც შეეხება დროის გრაფიკს, მოლოდინი მაქვს, რომ ევროპული კომისია დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარადგენს", - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, გამოაქვეყნებს თუ არა ევროკავშირის კითხვარსა და პასუხებს.
„თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება“.


