პრაისი: "საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან"
05/05/2022 05:59:17 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პრაისს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა აშშ მოლდოვისა და საქათველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს და ხედავს თუ არა ვაშინგტონი ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია, ამ ვალდებულების დემონსტრირებას სხვადასხვა გზით ახდენს და მხარდაჭერას გააგრძელებს.
როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, აშშ-ს რეგიონში, მათ შორის თბილისში, თავის პარტნიორებთან მუდმივი კავშირი აქვს საელჩოების და დეპარტამენტის მეშვეობით.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც აგრესიის განზრახვა, მაგრამ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებაც აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს და იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მსგავს ქმედებას არ მოითმენენ.


