დამრჩა პოზიტიური მოლოდინი - ექიმები და უფლებადამცველები სააკაშვილის მდგომარეობაზე პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდნენ
05/05/2022 08:43:46 პოლიტიკა
სამედიცინო სფეროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მრჩეველს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
"ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია პაციენტის სიმძიმის და რთული მიმდინარეობის შესახებ. რასაკვირველია, თვითონ ქალბატონი სალომე არ ესწრებოდა, მაგრამ ესწრებოდა ადმინისტრაციის უფროსი და ჯანდაცვის საკითხებში მისი მრჩეველი. მათ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოინიშნეს და როგორც აღგვითქვეს, ისინი დეტალურად გადასცემენ ამ ინფორმაციას პრეზიდენტს. დამრჩა პოზიტიური მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მხედველობაში მიიღებს ექიმების ინფორმაციას"- თქვა შეხვედრის შემდეგ ექიმმა ვილი პაჭკორიამ.
სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს.
ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.


