Accentnews.ge
"მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს"

"მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს"

05/05/2022 11:11:10 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სერიოზულად მიუდგეს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ მოწოდება, ჩაუტარდეს მას შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ სრულად ვენდობით სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. სახალხო დამცველის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, ის ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს და კარგი იქნება თუ მისი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება", – აცხადებს ელჩი.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 22 აპრილს მოინახულეს. დასკვნაში, რომელიც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მიმართა, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისი თქმით, თუ ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს.

ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S