"დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ"
05/05/2022 12:22:53 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ.
„აშშ საქართველოში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს. გვსურს მეტი აქტიურობის ნახვა პარლამენტში. გვსურს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშავონ, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებზე, გზებთან, წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საუკეთესო ადგილი პრობლემური საკითხების განსახილველად პარლამენტია. რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისა და სხვებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაყოფას. ჩემი გზავნილი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართ შემდეგია: დადგნენ ერთად და ერთად იმუშავონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს დღეს ენერგია“, - აღნიშნა ელჩმა.


