ანტიუკრაინული პროპაგანდა „აზოვსტალის“ თემით მანიპულირებას ცდილობს

06-05-2022 17:25:04 მითები და რეალობა ,ანალიზი

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, „ტროლ“ – „ბოტებმა“ „ფრონტის ხაზი“ ქართულ ინტერნეტსივრცეში გახსნეს. მაგალითად, „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა 8 გვერდი და 22 ყალბი ანგარიში, რომლის მეშვეობითაც „ფეისბუქის“ ქართულ სეგმენტში უკრაინის ხელისუფლების „გაშავებას“ ცდილობენ. საინტერესოა, რომ ეს გვერდები იმავდროულად მმართველი გუნდის სასარგებლოდ პოზიციონირებენ.

ამ ანტიუკრაინული აქტივობების ერთ–ერთი ფოკუსი რუსული ძალების მიერ ბლოკირებული და ნაწილობრივ ოკუპირებული მარიუპოლია. კერძოდ, მეტალურგიული გიგანტი „აზოვსტალი“, სადაც, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინელი დამცველები „აზოვიდან“ და მშვიდობიანი მოქალაქეები, ვერ ხერხდება რა მათი სრულად ევაკუაცია. კრემლი უარს ამბობს, ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცეს მებრძოლებს, მათ შორის დაჭრილებს, თავად სამხედროები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ, ხოლო მშვიდობიანი მოქალაქეების ეტაპობრივი ევაკუაციის შესახებ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, მიუხედავად ფრაგმენტული ცნობებისა, რაც რეალურ სურათზე დაბეჯითებით საუბრის შესაძლებლობას არ იძლევა, პროპაგანდა საზოგადოებრივი განცდებით მანიპულირებას და ვითარების იმგვარად წარმოჩენას ცდილობს, თითქოს ლეგიონი უკრაინის ხელისუფლებამ მიატოვა.

„ეს გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე, „არ იომო რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მიგატოვებენ, მარტო აღმოჩნდები“ და რომ „რუსების წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს“. სამწუხაროდ, ამ პროცესში ხელისუფლების უმაღლესი პირები არიან ჩართულნი და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს მენტალობა აქვს უმაღლეს მთავარსარდალსაც, რომელიც ფაქტობრივად იძახის, „ჩვენ ომს ვერასოდეს მოვიგებთო“. ძალიან ცუდია ქართველი ოფიცრების და პირადი შემადგენლობის ტვინების ამგვარად დაბინძურება, რადგან ეს ასე არაა: ნაპოლეონის შემდეგ რუსეთს 30 ომი აქვს ნაწარმოები და მათგან უმრავლესობა წააგო, მათ შორის, ისეთ პატარა ქვეყნებთან, როგორიც ესტონეთია. სტატისტიკა სხვა რამეს გვიამბობს და ამ კვლევების მიხედვით, თუ რუსეთი 4 თვეში ომს ვერ იგებს, როგორც წესი, ეს ომი 16 თვის განმავლობაში გრძელდება და რუსეთი აგებს. როცა ანალიტიკასთან, ლოგიკურ აზროვნებასთან და რეალურ მიდგომასთან გვაქვს საქმე, ვხედავთ, რომ რუსეთი აგებს და აგებს ამ ომსაც!“,– დარწმუნებულია თადარიგის პოლკოვნიკი, ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აკია ბარბაქაძე.

21–ე საუკუნის ციხე–სიმაგრე

რუსული ძალების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უთანასწორო ბრძოლების შემდეგ ქალაქის დამცველები, აპრილის დასაწყისში 1930-იან წლებში აშენებულ, კილომეტრებზე გადაჭიმულ მეტალურგიულ კომბინატ „აზოვსტალში“ გამაგრდნენ. მიუხედავად უწყვეტი ცეცხლისა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დაკავება, შესაბამისად ქალაქის სრული ოკუპაცია ამ დრომდე ვერ შეძლეს.

„2014 წლამდე არც გვიფიქრია, რომ „აზოვსტალი“ შესაძლოა, ერთგვარ ციხე–სიმაგრედ ქცეულიყო. მაგრამ 2014 წელს, როდესაც მარიუპოლი პირდაპირი დაბომბვების ქვეშ მოექცა, დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, თუ ესკალაცია კიდევ მოხდებოდა. ჩვენ ბომბსაფარების აღდგენა დავიწყეთ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან დარჩა. ყურადღება მივაქციეთ, რომ კომბინატის ტერიტორიაზე მსგავსი 36 იყო და იქ ერთდროულად თავის შეფარება 12 006 ადამიანს შეეძლო“– ჰყვება „აზოვსტალის“ დირექტორი ენვერ ცქიტიშვილი.

მარიუპოლის მცველ მებრძოლებს უკრაინაში საგანგებო პატივისცემითა და მადლიერებით მოიხსენიებენ. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, მათ შეასრულეს უნიკალური მისია – 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ალყაშემორტყმულ ქალაქში, შეძლეს დაახლოებით 15 ათასი რუსი სამხედროს შებოჭვა. შედეგად, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ დიდი ხნის მანძილზე ვეღარ მოახერხა ამ შენაერთების ჯერ კიევის მიმართულებით, ხოლო შემდეგ - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადასროლა და ბრძოლაში დროულად ჩართვა.

„არავის მიუტოვებია ისინი [მარიუპოლის დამცველები]. როდესაც ეს ბიჭები იქ დადგნენ, იცოდნენ, თუ რა აიღეს საკუთარ თავზე: ეს იყო საკმაოდ დიდი ოპერატიულ–ტაქტიკური ჯგუფების შეკავება – 12 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავდათ მიჯაჭვული მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს ის ძალაა, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა რუსეთს ტერიტორიის დასაკავებლად და ოპერატიულ–ტაქტიკური სურათის შესაცვლელად, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთი კვირაა, რაც იქიდან გაიყვანეს ის ოპერატიულ–ტაქტიკური ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებაზე. თვითონ მარიუპოლის არსებობამ მისცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმის საშუალება, რომ ხარკოვის ჩრდილო–აღმოსავლეთით და ჩრდილო–დასავლეთით წმენდით ოპერაციებს ძალიან წარმატებულად აწარმოებენ – მოწინააღმდეგე რამდენიმე ათეული კილომეტრით უკუაგდეს; საფრთხე, რომ უკრაინული დაჯგუფება ალყაში მოექციათ, ნეიტრალიზებულია!“,– ამბობს ბარბაქაძე.

რა აფერხებს უკრაინული ძალების კონტრშეტევას მარიუპოლის მიმართულებით

5 მაისს უკრაინის გენშტაბმა ხარკოვის, იზიუმის და ხერსონის მიმართულებებით კონტრშეტევის წამოწყების შესახებ განაცხადა. მათ ოკუპანტებისგან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.

„აქ ტაქტიკურ ოპერაციებზეა საუბარი, ოპერატიული გარღვევები და ცვლილებები ჯერ არც ერთ მიმართულებაზე არ ჩანს. ომის პირველი ფაზისგან განსხვავებით, საბრძოლო მოქმედებების ტემპი შენელებულია – უფრო მოკლე მანძილებზე საცეცხლე ზემოქმედებებით მიმდინარეობს“,– განმარტავს „აქცენტთან“ სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი.

მისი ანალიზის მიხედვით, გარკვეული დრო დასჭირდება უკრაინაში ძალების მოდერნიზებას, დასავლური შეიარაღებით აღჭურვას და შემდეგ, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის, უკრაინული ნაწილები გადავლენ მასიურ კონტრშეტევებზე და დაიწყებენ ტერიტორიების გაწმენდას.

რაც შეეხება მარიუპოლის მიმართულებას და საკითხს, თუ რატომ არ ხორციელდება ამჟამად კონტრშეტევები, ანალიტიკოსი განმარტავს:

„ამჟამად მთელი ქალაქი ოპერატიულ ალყაშია მოქცეული. მარიუპოლიდან უახლოეს უკრაინულ პოზიციებამდე – ჩრდილოეთით დაახლოებით 100–120 კილომეტრია. ამ მანძილის გარღვევას, სადაც მთლიანად რუსული ძალები არიან, რამდენიმე მექანიზებული ბრიგადა სჭირდება. რეაქტიული არტილერიაც ვერ სწვდება. აქ საუბარია იმაზე, რომ ტაქტიკური რაკეტებით მისწვდნენ მცირე სამიზნეებს, ეს კი ძვირადღირებული საბრძოლო მასალაა და თითოეულ ტანკს ვერ ესვრიან (არც ამდენი ექნებათ. ეს მასალა ბევრ მცირე სამიზნეზე არაა გათვლილი). იყო საუბარი, „შორს მსროლელი სისტემებით რატომ არ ურტყამენ რუსულ პოზიციებსო“, ეს ძალიან შორი მანძილია და სწორედ ამაშია საქმე“.

სამხედრო ექსპერტ სერგეი გრაბსკისთვის კი გაუგებარია თავად რუსული სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, მათ შორის ცოცხალი ძალა შეაწყვიტოს ერთი ობიექტის დაკავებას, რომელიც მიზნის მიღწევის შემთხვევაშიც ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას:

„სამხედრო თავალსაზრისით, ნებისმიერი შტურმი მსგავს ობიექტზე, აბსოლუტური უაზრობაა და შემტევის მხრიდან კოლოსალურ დანაკარგებს იწვევს. ეს 21-ე საუკუნის ფენომენია, ობიექტი იმდენად მყარი და განვითარებულია, რომ ციხე–სიმაგრედ იქცა. ამიტომ, ზუსტ ინფორმაციას ვერავინ მოგცემთ, ეს ციხე–სიმაგრე რამდენი ხანი გაუძლებს შეტევებს“.

ექსპერტის კითხვას ერთგვარად ეხმიანება ბრიტანული დაზვერვის 6 მაისის ანგარიში იმის შესახებ, რომ ვიდრე „აზოვსტალში“ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება, რუსული დანაკარგები იზრდება და კვლავ გაიზრდება, თუმცა კრემლი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა შემდეგ ის საკუთარ მოსახლეობას მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს „წარმატებად“ შეასაღოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები